top of page

AI და ფსიქოლოგია - ფსიქოლოგი თუ ChatGPT


AI მოდელებს ადამიანები ყველაზე ხშირად თერაპევტად და კომპანიონად იყენებენ. ეს შედეგი აჩვენა ჰარვარდის კვლევამ, რომელიც 1 ივნისს გამოქვეყნდა.

მართალია, ადამიანები ენის მოდელებს, როგორიცაა ChatGPT, Claude და Gemini, ხშირად ეკითხევიან რჩევებს პირად ცხოვრებაზე თუ მენტალურ მდგომარეობაზე, ფსიქოლოგებისთვის AI პროფესიული დამხმარეა და არა მათი შემცვლელი.


სწორედ AI-ის გამოყენება ფსიქოთერაპიაში იყო საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის საჯარო ლექციების სერიის ბოლო შეხვედრის თემა.

შეხვედრაზე ფსიქოლოგებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნატა მეფარიშვილმა და AI ინჟინერმა, შოთა ელყანიშვილმა განიხილეს, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია AI-ის გამოყენება ფსიქოთერაპიასა და ფსიქოკონსულტაციაში როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების პერსპექტივიდან.

რა პრობლემებს აგვარებს ხელოვნური ინტელექტი?

საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომა ხშირად ფინანსური, ფიზიკური თუ სპეციალისტების სიმცირის ბარიერებს აწყდება, რასაც საზოგადოებაში არსებული სტიგმაც ემატება. კლინიკური მონაცემები კი ადასტურებს, რომ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაზე (CBT) დაფუძნებული ჩატბოტები საგრძნობლად ზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას და ეფექტურად ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, განსაკუთრებით მოზარდებში. მიუხედავად ამისა, შფოთვითი აშლილობებისას მოდელების შედეგები არაერთგვაროვანია, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ რთული და კომპლექსური მდგომარეობების სამართავად რეალური თერაპევტის ჩართულობა ისევ გადამწყვეტია.


რა გამოწვევები აქვს AI-ის?

შეხვედრაზე სპიკერებმა ასევე განიხილეს, რამდენიმე კრიტიკული გამოწვევა სრულფასოვანი ციფრული თერაპიის გზაზე.


პირველ რიგში, პრობლემაა, რომ ქართულ ენაზე სრულყოფილი, კლინიკური სიზუსტის მქონე ფსიქო-საგანმანათლებლო მოდელები ჯერ არ არსებობს. ქართულ ენაზე ციფრული და პროფესიული ტექსტური მონაცემების სიმცირის გამო, სისტემები ინგლისური მოდელების თარგმნას ეყრდნობიან. სრულყოფილი, გამართული შედეგებისთვის კი ადგილობრივ გარემოსთან, მათ შორის ენასთან ადაპტირება აუცილებელია.


ტექნიკური შეზღუდვების მიღმა, მთავარი გამოწვევა პირადი ურთიერთობის დეფიციტია. AI პლატფორმებს არ შეუძლიათ ე.წ. “თერაპიული ალიანსის”, კავშირის დამყარება და არავერბალური სიგნალების, მაგალითად, სხეულის ენის, ხმის ინტონაციისა თუ მიმიკის, წაკითხვა, რაც თერაპიის ეფექტურობის პირობაა.


მესამე გამოწვევა კი, ეთიკისა და უსაფრთხოების საკითხია. ფსიქოთერაპიული მიზნებისთვის ღია, საჯარო პლატფორმების გამოყენება სერიოზულ რისკებს შეიცავს, რადგან პაციენტის სენსიტიური მონაცემები შესაძლოა მოდელის გასაწვრთნელად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, არსებობს კლინიკური რისკიც: არასათანადოდ შეზღუდულმა მოდელმა კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა პაციენტს ფატალური რჩევაც კი მისცეს (მაგალითად, წაახალისოს სუიციდური ქცევა).



როგორია მომავლის მოდელი და რა არის შემდეგი ნაბიჯი?

ამ გამოწვევების არსებობა არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა და პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა AI არ უნდა გამოიყენონ. შეხვედრაზე ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ეფექტურია მსუბუქი და საშუალო სირთულის პრობლემების სამართავად, თუმცა მძიმე შემთხვევებში, სადაც ფარმაკოლოგიური ჩარევაც აუცილებელია, ადამიანის ექსპერტიზას ალტერნატივა არ აქვს.


პროფესიული საზოგადოება ასევე თანხმდება, რომ საუკეთესო გამოსავალი შერეული (ჰიბრიდული) ფორმატია. ამ მოდელში კლიენტი კვირის განმავლობაში AI ჩატბოტთან მუშაობს, ასრულებს ჟურნალინგის დავალებებს და იღებს ფსიქოგანათლებას, ხოლო კვირაში ერთხელ ფსიქოთერაპევტთან გადის სრულფასოვან სესიას. ეს მიდგომა სპეციალისტს დროს უზოგავს და თერაპიას ბევრად პროდუქტიულს ხდის.


AI ტექნოლოგია მულტიმოდალური ხდება, ესე იგი, აერთიანებს ხმას, ტექსტსა და ვიზუალს და უკვე წარმატებით გამოიყენება რისკ-ჯგუფების პრევენციული იდენტიფიცირებისთვის. ამ პროცესში პროფესიონალების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალიზებული, დახურული პლატფორმების გამოყენება და კლიენტებისთვის ციფრული "კვალის", ანუ რა ინფორმაციის გაზიარება შეიძლება ტექნოლოგიასთან და რა ფორმით, მართვის სწავლება.


შეხვედრა GAIA-ს საჯარო ლექციების ციკლის "AI და ..." ფარგლებში ჩატარდა. ამ შეხვედრებზე სამი წერტილის ადგილს სხვადასხვა სფერო ავსებს, რომლის წარმომადგენლები და AI პროფესიონალებიც ერთად განიხილავენ, რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი დისციპლინაზე, იქნება ეს მედიცინა, ფსიქოლოგია, ტურიზმი თუ სამართალი. შეხვედრები ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ტარდება.

 
 
bottom of page