top of page

Anthropic Glasswing: საშიშად ძლიერი მოდელი და მითიური ალიანსი


7 აპრილს Anthropic-მა პროექტი Glasswing დააანონსა. ეს არის მასშტაბური კოალიცია, რომელიც ტექნოლოგიური და საბაკო სექტორის მთავარ კომპანიებს - Apple, Google, Microsoft, AWS, NVIDIA, JPMorganChase და CrowdStrike - გააერთიანებს ერთი მიზნით: გამოიყენონ ანთროპიკის ახალი, ყველაზე მძლავრი მოდელი Claude Mythos Preview კიბერუსაფრთხოების რისკების გამოსავლენად.


საშიშად ძლიერი - რა შეუძლია Claude Mythos Preview-ს?


Mythos ახალი LLM მოდელია, რომელმაც პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ექსპერტულ დონეს მიაღწია და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ ჩამორჩება. ის გამოიყენეს რამდენიმე კომპანიის კოდისა და სისტემების ტესტირებისთვის. ამ პროცესში მოდელმა დამოუკიდებლად გამოავლინა ათასობით ეგრეთ წოდებული ნულოვანი რისკი (Zero-day vulnerability) — პროგრამული ხარვეზი, რომლის შესახებაც დეველოპერებისთვისაც კი ჯერ ცნობილი არ არის და შესაბამისად, მათგან დაცვის მექანიზმები არ არსებობს.


მოდელის ეფექტურობა ისტორიული ხარვეზების აღმოჩენითაც დასტურდება. მაგალითად, Mythos-მა ერთ-ერთ ყველაზე დაცულ OpenBSD-ის სისტემაში 27 წლის წინანდელი შეცდომა იპოვა, ხოლო Linux-ის ბირთვში (Kernel) გამოავლინა ხარვეზების მთელი ჯაჭვი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია მოწყობილობის, მაგალითად, კომპიუტერის ან სერვერის სრულად მართვა.


როგორია მისი ტექნიკური მახასიათებლები?



Mythos-ს მითიურ შესაძლებლობებს ტექნიკური შეფასების უახლესი შედეგებიც კარგად აჩვენებს, სადაც Claude Mythos Preview საგრძნობლად უსწრებს წინა თაობის წამყვან მოდელს, Opus 4.6-ს. SWE-bench Pro ბენჩმარკზე ახალმა მოდელმა 77.8% აჩვენა (Opus 4.6-ის მაჩვენებელი 53.4% იყო), ხოლო Terminal-Bench 2.0-ზე 82%.


კიბერუსაფრთხოების ბენჩმარკზე CyberGym კი მითოსმა 83.1%-იანი შედეგი დააფიქსირა. გარდა ინჟინერიისა, უმაღლესი სირთულის საერთო ბენჩმარკზე, Humanity’s Last Exam, გარე ხელსაწყოების (Tools) გამოყენებით Mythos Preview-მ 64.7%-იანი სიზუსტე აჩვენა, ხოლო მათ გარეშე — 56.8%, რითაც ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინა თაობის მაჩვენებლებს.


შეზღუდული წვდომა და Project Glasswing-ის მისია


მოდელის იმდენად ძლიერია, რომ Anthropic-მა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, Claude Mythos Preview საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდეს. ასეთი ძლიერი ტექნოლოგიის არასწორ ხელში მოხვედრამ შესაძლოა კრიტიკული საფრთხე შეუქმნას გლობალურ ეკონომიკასა და ინფორმაციულ ინფრასტრუქტურას. თუ Mythos-ს შეუძლია მსოფლიოს ყველაზე დიდი ბანკის, JP Morgan-ის სისტემებში ხარვეზების აღმოჩენა, არასწორ ხელში მისი ამ ხარვეზების ბოროტი მიზნებისთვის გამოყენებაც შეიძლება.


ამ რისკების მინიმიზაციისთვის შეიქმნა Project Glasswing. მოდელზე წვდომა მიენიჭა მხოლოდ 40-მდე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის უსაფრთხოების გუნდს და ისიც მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებისთვის. პარტნიორები სისტემას გამოიყენებენ საკუთარ ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების აღმოსაჩენად. დამატებით, Anthropic 100 მილიონი დოლარის კრედიტს გამოყოფს პარტნიორებისთვის და 4 მილიონ დოლარს გადასცემს ღია კოდის (Open-source) უსაფრთხოებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს.


მიუხედავად იმისა, რომ Claude Mythos Preview საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდება, Anthropic-ის გრძელვადიანი მიზანია, მომხმარებლებს საშუალება მისცეს, უსაფრთხოდ გამოიყენონ Mythos-ის კლასის მოდელები ფართო მასშტაბით — როგორც კიბერუსაფრთხოების, ისე სხვა მიმართულებებით.



პროექტს სახელი პეპლის ერთ-ერთი სახეობის, Greta Oto-ს, საპატივცემულოდ ჰქვია, რომელსაც გამჭვირვალე ფრთები აქვს. ანთროპიკი ამ სახელით ორ მეტაფორას იყენებს - ერთი მხრივ, პეპლის გამჭვირვალე ფრთები მას თვალსაჩინო ადგილას დამალვის საშუალებას აძლევს, ისევე როგორც ამ პოსტში განხილული ხარვეზებს შეუძლიათ 27 წელი "დაიმალონ". მეორე მხრივ კი, გამჭვირვალობა, რომელსაც Mythos ქმნის, კომპანიებს ზიანისგან თავის არიდებაში ეხმარება.


რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?


მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა გლობალური მასშტაბისაა, ის პირდაპირ კავშირშია ქართულ ბიზნეს გარემოსთან. ქართული საფინანსო ინსტიტუტები, სტარტაპები და სახელმწიფო სერვისები იყენებენ სწორედ იმ ციფრულ ინფრასტრუქტურას (AWS, Microsoft Azure, Google Cloud), რომლის უსაფრთხოებასაც Project Glasswing ისახავს მიზნად. შესაბამისად, გლობალური კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა ქართული ციფრული სერვისების უსაფრთხოების გარანტიაცაა.

 
 
bottom of page